English / ქართული / русский /
ლია კოზმანაშვილი
პროფესორ ალფრედ კურატაშვილის სამეცნიერო შეხედულებები სახელმწიფო მართვის პრობლემების შესახებ

ნებისმიერი სახელმწიფო ხელისუფლების წინაშე დგას სახელმწიფო მართვის პრობლემა, რომლის უმთავრესი დანიშნულებაა ხალხის სამსახურში ყოფნა და ხალხის ინტერესების დაცვა, კერძოდ, იმ ხალხის სამსახურში ყოფნა, რომლის მიერაც არის არჩეული ესა თუ ის ხელისუფლება.

საყოველთაოდ ცნობილია, აგრეთვე, რომ საზოგადოებრივ-სახელმწიფოებრივი სისტემის ეფექტიანი ფუნქციონირებისა და ხალხის ინტერესების დაცვა-რეალიზაციი-სათ¬ვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო მართვას.

სახელმწიფოთა მიერ მათ წინაშე მდგარი მრავალი სხვადასხვა სახის პრობლემაა გადასაწყვეტი, რომელთა წარმატებით გადაჭრის მეცნიერული გზების მუდმივ ძიებაშიც იმყოფება თითოეული სახელმწიფო.

სახელმწიფოთა წინაშე მდგარი პრობლემები განსხვავებულია ამ სახელმწიფოთა მასშტაბებისა და მათი განვითარების დონიდან გამომდინარე. მაგალითად, განვითარებადი ქვეყნების პრობლემები ძირითადად მდგომარეობს ეკონომიკის განვითარების, ჯანდაცვის მომსახურებისა და განათლების დაბალ დონეებში _ მოსახლეობის უმუშევრობის მაღალი დონის პირობებში, საგარეო ვალების გადაუხდელობაში, ფართომასშტაბიანი მიგრაციის პროცესებში, სოციალურად დაუცველი ფენების არსებობაში და ა.შ. რასაც თავის მხრივ ემატება ისეთი პრობლემები, როგორიცაა მოსახლეობის დიდი ნაწილის ბანკებზე, ნარკოტიკულ საშუალებებსა თუ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, კორუფცია, ნეპოტიზმი, დემოგრაფიული პრობლემა, აგრეთვე ეკოლოგიური და სხვა ისეთი სახის პრობლემები, რომლებიც პლანეტის მასშტაბით სახელმწიფოთა ერთიანი ძალისხმევით უნდა გადაიჭრას, რადგან, ცალკე აღებულ არცერთ სახელმწიფოს მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, თუ ფინანსური მდგომარეობისა და განვითარების დონის მიუხედავად არ ძალუძს ასეთი მასშტაბური პრობლემების გადაწყვეტა.

ბოლო წლებში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაანახა ყველას, თუ რა პატარაა მსოფლიო და რამდენად საერთოა პრობლემები. კერძოდ, მხედველობაში მაქვს 2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩინეთში დაფიქსირებული ახალი ტიპის კორონავირუსის (COVID-19) ეპიდემიის გავრცელების გამო, 2020 წლის 30 იანვარს “საერთაშორისო საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობის” გამოცხადება, ხოლო 2020 წლის 11 მარტს კი გადაწყვეტილების მიღება მისი პანდემიად გამოცხადების შესახებ. ცნობილია, აგრეთვე, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ბოლოს 2009 წელს იყო გამოცხადებული პანდემია H1N1 ვირუსის გამო, თუმცა, მაშინ მსოფლიოს მასშტაბით ისეთი მკაცრი ზომები არ ყოფილა მიღებული, როგორც ეს ახალი ტიპის კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებით მოხდა [1]. ფაქტიურად, პანდემია უმოკლეს დროში, როგორც იტყვიან “ელვის უსწრაფესად” მოედო თითქმის მთელ მსოფლიოს, ისე, რომ მან ზესახელმწიფოებსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

სრულიად აშკარაა ისიც, რომ სახელმწიფოს ეფექტიანი მართვა შეუძლებელია მისი სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე. თავის მხრივ, სახელმწიფოს სამართლებრივი უზრუნველყოფის პრობლემის წარმატებით გადაწყვეტა სამართლებრივი ნორმების აღსრულების მექანიზმების გამოყენებასთან ერთად წარმოადგენს სახელმწიფოში არსებული სხვა პრობლემების ასევე წარმატებით გადაწყვეტის რეალურ საფუძველს. რადგან, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებზე ყველაზე უარყოფითად და დამთრგუნველად მოქმედებს უსამართლობის განცდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფოში, რომლის ხელისუფლებისთვისაც უმთავრესია ხალხის ინტერესები, ამ ინტერესების დაცვას უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფო მართვა სათანადო საკანონმდებლო ბაზის მეშვეობით. ხოლო, კანონები _ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა უნდა გამოიყენებოდეს, როგორც ხალხის ინტერესების დაცვის საშუალება. არის შემთხვევები, როცა ხელისუფლებას ისე გაიტაცებს ხოლმე საკუთარი ძალაუფლებით ტკბობა კანონების აღსრულებისას, რომ მას ყურადღების მიღმა რჩება მთავარი საკითხი _ რამდენად კანონიერი და სამართლიანია და რამდენად ხალხის სასარგებლოდ არის შექმნილი თვითონ კანონები _ ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა? რადგან, თვით “დემოკრატიის ტალღების გუგუნის” დროსაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ამ მხრივ არასახარბიელო მდგომარეობა და “ხალხზე ზრუნვით შეპყრობილმა” ხელისუფლებამ შეიძლება სრულიად ხალხის ინტერესების საწინააღმდეგო კანონები მიიღოს, მით უმეტეს, რომ ხშირ შემთხვევაში ხალხის გულისტკივილი გაუგებარია ხელისუფლებისთვის და ხალხის ხმაც ვერ აღწევს ხელისუფლების ყურამდე, ყოველ შემთხვევაში მორიგ არჩევნებამდე მაინც. ანუ როგორც ჩვენს ბრძენ წინაპარს უთქვამს; “რაც არ უნდა მინდისაო, ყურშიც მძიმედ მიდისაო.” ყველა ადამიანს სამართლიან კრიტიკაზე უფრო მეტად სიამოვნებს იმის მოსმენა, რაც ყურს “საამოდ ხვდება” და ამ მხრივ არც ხელისუფლება წარმოადგენს გამონაკლისს.
კრიტიკა და მით უმეტეს თვითკრიტიკა ყოვლად მიუღებელია ხელისუფლებისთვის, პირიქით, გატაცებით ყვებიან თავიანთ წარმატებულ საქმიანობაზე. “წარმატებული ხელისუფლებები” მოდიან და მიდიან, თუმცა ზოგჯერ “რჩებიან” კიდეც, ხალხის მდგომარეობა კი უარესდება და უარესდება.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის, სოციალური თუ სხვა უამრავი სახის პრობლემების გადაჭრის გზები, რაც ყველა სახელმწიფოსთვის აქტუალურია, ერთგვარი “მზა რეცეპტების” სახით აქვს მომზადებული პროფესორ ალფრედ კურატაშვილს თავის მეცნიერულ თეორიებში, რომელთა შორის განსაკუთრებით არის აღსანიშნავი:
- ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია;
- ხალხის ინტერესების დიქტატურის თეორია;
- ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოების თეორია;
- ჭეშმარიტად ადამიანური სახელმწიფოს თეორია;
- ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური კანონის თეორია;
- საკუთრების ჭეშმარიტად საზოგადოებრივი შინაარსის თეორია, რომელიც (საკუთრების საზოგადოებრივი შინაარსი) განისაზღვრება საკუთრების ფუნქციონირების სოციალური მიმართულებით მისი ფორმის მიუხედავად;
- მატერიალური სტიმულირებისა და ეკონომიკურ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის თეორია;
- საბაზრო ურთიერთობების გენეტიკურად ანტაგონისტური ბუნებისა და ხალხის ინტერესებისათვის მათი ფუნქციონალური გამოყენების მექანიზმის თეორია;
- არაეკონომიკური ექსპლუატაციის თეორია _ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების მითვისების თეორია;
- თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირება – საზოგადოების ეფექტიანი ფუნქციონირების პოლიტიკურ-სამართლებრივი თეორია;
- სოციალურად გამიზნული კომუნიკაბელური საზოგადოებისა და სახელმწიფოს თეორია;
- ხალხის ეკონომიკური გენოციდის თეორია;
- ხალხის ეკონომიკური გაუპატიურების თეორია [2. გვ. 8-12].

პროფესორ ალფრედ კურატაშვილის მიერ შექმნილი ათეულობით თეორიიდან ეს არის მოკლე სია _ მცირე ჩამონათვალი იმ თეორიებისა, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ სახელმწიფოთა მმართველებმა, თუ მათ ნამდვილად ექნებათ სურვილი ჭეშმარიტად ადამიანური სახელმწიფოსა და ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოების შექმნისა, რომელ სახელმწიფოსა და საზოგადოებაშიც უმთავრესი – გაბატონებული იქნება ხალხის ინტერესები, რომლის მუდმივ სამსახურშიც უნდა იმყოფებოდეს სახელმწიფო ხელისუფლება, რამეთუ სახელმწიფო ხელისუფლების უპირველესი და უმთავრესი მოვალეობა, მისი მთავარი ფუნქცია და დანიშნულება არის სწორედ ადამიანების – საზოგადოების – ხალხის ინტერესების დაცვა, რაც მთავარ და ძირითად საკითხს წარმოადგენს პროფესორ ალფრედ კურატაშვილის მთელ მეცნიერულ შემოქმედებაში.

დიდ ყურადღებას იმსახურებს პროფესორ ალფრედ კურატაშვილის კრიტიკული მოსაზრება საერთაშორისო მასშტაბით ფართოდ დამკვიდრებულ ტერმინ – “კანონის უზენაესობა”-სთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც იგი წერს:

“ხოლო თუ კანონის უზენაესობაში იგულისხმება, რომ კანონი ემსახურება ხალხის ინტერესებს, მაშინ უზენაესობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში უნდა ეკუთვნოდეს ადამიანის ინტერესებს – ხალხის ინტერესებს, და არა კანონს, რამეთუ კანონის უზენაესობა საზოგადოებაში და სახელმწიფოში პირდაპირ და უშუალოდ ნიშნავს კანონის უზენაესობას ადამიანზე – ნიშნავს კანონის უზენაესობას ხალხზე, რასაც არ შეიძლება ჰქონდეს არავითარი გამართლება.

მაშასადამე, საზოგადოებაში და სახელმწიფოში კანონის უზენაესობის შემთხვევაში, კანონი ბატონობს ადამიანზე – კანონი ბატონობს ხალხზე.

ამასთან, ასეთ შემთხვევაში, ხალხზე ბატონობს სახელმწიფო ხელისუფლებაც, რომელიც ღებულობს კანონებს და სხვა სამართლებრივ აქტებს, და აგრეთვე აკონტროლებს მათ აღსრულებას, და რომელსაც ზოგჯერ შეუძლია მიიღოს ისეთი კანონები, და შეუძლია მოითხოვოს ისეთი კანონების აღსრულება, რომლებიც არა მარტო არ იქნება ხალხის სამსახურში, არამედ გამოყენებული იქნება როგორც ხალხის ძარცვისა და დამონების საშუალება, გამოყენებული იქნება როგორც ხალხის პოლიტიკური, ეკონომიკური და სულიერი გენოციდის საშუალება” [3, 114-115].

მაშასადამე, – სავსებით სამართლიანად აღნიშნავს პროფესორი ალფრედ კურატაშვილი, – სრულიად უსაფუძვლოა, იმის გაფიქრებაც კი, რომ თითქოს ხალხის ინტერესების უზენაესობა წინააღმდეგობაშია სახელმწიფო მართვის სამართლებრივ უზრუნველყოფასთან, რამეთუ სახელმწიფო მართვა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფა წარმოადგენს მხოლოდ ხალხის ინტერესების უზენაესობის პრაქტიკული რეალიზაციის აუცილებელ საშუალებას [3].

პროფესორ ალფრედ კურატაშვილის მიერ შექმნილი “ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია” ყველა სახელმწიფოს ხელისუფალთათვის, თუ ისინი ნამდვილად აპირებენ ხალხის სამსახურში ყოფნას, კონსტიტუციასთან ერთად უნდა წარმოადგენდეს ერთ-ერთ ძირითად სამოქმედო დოკუმენტს და თუ მოახერხებენ ამ თეორიის პრაქტიკულ რეალიზაციას, მაშინ ხალხი გაცილებით უფრო უკეთესად იცხოვრებს.

იმისათვის, რომ განხორციელდეს ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის პრაქტიკული რეალიზაცია, აუცილებელი პირობაა, რომ მოხდეს სახელმწიფო მართვის სათანადო სამართლებრივი უზრუნველყოფა, რადგან შეუძლებელი და წარმოუდგენელიცაა ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის პრაქტიკული რეალიზაცია – პრაქტიკული განხორციელება სახელმწიფო მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის გარეშე.

ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის პრაქტიკულ რეალიზაციასთან დაკავშირებით, პროფესორ ალფრედ კურატაშვილის მიერ შექმნილი ზემოთ ჩამოთვლილი თეორიებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს აგრეთვე, თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია, რომლის ქვესათაურია – “პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულება – ადამიანის ინტერესების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი მეცნიერული საფუძველი”. ფაქტიურად ამ პოლიტიკურ-სამართლებრივი თეორიის სათაურშივე ყველაფერი ნათლად არის გადმოცემული. კერძოდ, ნათლად ჩანს, რომ თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია წარმოადგენს ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორიის პრაქტიკული რეალიზაციის თეორიულ-ინტელექტუალურ საფუძველს [4].

ამრიგად, სახელმწიფო მართვის სამართლებრივი უზრუნველყოფის, სოციალური და სხვა სახის პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას ერთმნიშვნელოვნად მივყავართ პროფესორ ალფრედ კურატაშვილის მიერ შექმნილ მეცნიერულ თეორიებამდე, რომლებშიც მარტივი და გასაგები ენით არის ახსნილი აღნიშნული პრობლემების გადაჭრის გზები, რასაც სჭირდება სახელმწიფოს კეთილი ნება – რომ სახელმწიფოში უმთავრესი იყოს ხალხის ინტერესები, რომ სახელმწიფოს ჰქონდეს სოციალური მიზანი, რომლის რეალიზაციისთვისაც, ისევ პროფესორ ალფრედ კურატაშვილის სიტყვებით რომ დავამთავროთ, “ყველა გზა, ფორმა და მეთოდი გამართლებულია, თუ ისინი გამორიცხავენ ანტისოციალურ, ანტიჰუმანურ, ანტიზნეობრივ მოვლენებს” [5, გვ. 93]. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს იმის შესახებ, რომ სახელმწიფოში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე პროფესორ ალფრედ კურატაშვილს ჯერ კიდევ XX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ჰქონდა გამოქვეყნებული არაერთი სამეცნიერო ნაშრომი [2. გვ. 305].

გამოყენებული ლიტერატურა

1. კოზმანაშვილი ლ., ახალი კორონავირუსის (ჩOVID-19) პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ზოგიერთი ცვლილების შესახებ. სახელმწიფოს ეფექტიანი მართვის პრობლემები. XXXIV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები (09.11.2020). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა “პროგრესი”, 2020. გვ. 80-81.

2. კურატაშვილი ალფრედ. პოლიტიკური მენეჯმენტის ფილოსოფიურ-სამართლებრივი საფუძვლები. მმართველობითი სამართალი და ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოების სამართლებრივი სისტემისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის განმსაზღვრელი თეორიული ბაზისი (მონოგრაფია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა “პროგრესი”, 2003. _ 720 გვ.

3. კურატაშვილი ალფრედ. ხალხის ინტერესების უზენაესობის თეორია. პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულება და მმართველობითი სამართლის, ჭეშმარიტად ადამიანური საზოგადოების სამართლებრივი სისტემისა და მთლიანად სოციალურ-ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემაქმნადი თეორია (მონოგრაფია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა "პროგრესი", 2003. _ 336 გვ.

4. კურატაშვილი ალფრედ. თანამდებობის პირთა უფლებებისა და პასუხისმგებლობის ბალანსირების თეორია. პრინციპულად ახალი მეცნიერული მიმართულება _ ადამიანის ინტერესების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის აუცილებელი მეცნიერული საფუძველი (მონოგრაფია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე). თბილისი: საერთაშორისო გამომცემლობა "პროგრესი", 2003. _ 256 გვ.

5. Кураташвили Альфред А. Философско-политэкономические миниатюры. Материалы Республиканской научной конференции: "Актуальные проблемы теории" (15-16 мая 1980 г.). Тбилиси: "Мецниереба", 1980. – c. 79-104.